English / ქართული /








Journal number 2 ∘ Teimuraz Shengelia
Methodology for Establishment of Relation between Social Capital and Motivation

Conception of the Social Capital is used by many scientists. It established its wide place in economic, social, politological and other sciences. Along with natural and human capital the social capital essentially influences the growth of effi iency of the transnational companies and promotes their development. The social capital is not the property of individual persons, it is established in the social networks and differs from other forms of capital by the fact that it is reflected not in objects and subjects, but in the human relations that form a social network. In general, conception of the social capital is in homogenous and contradictory. Despite this, it still establishes a worthy place in economic and social science. Conception of the social capital is based on the phenomenon of confience. On the basis of ethical and philosophical analysis of the category of confidence it can be convincingly said that without this category development of the society is impossible only by the economic mechanisms. The present study, on the basis of theoretical-methodological, regressive analysis of categories of the social capital and confidence, establishes those empiric relations, which exist between these two categories. The use of the suggested methodology in improvement of the management activity of the modern corporations is important, because it promotes their development and growth.

Keywords: Social Capital, Motivation; Relations, Methodology of Measuring, Corporations; Efficiency.

JEL Codes: M 10, M19, F20

სოციალური კაპიტალის კონცეფციამ ფართო ადგილი დაიმკვიდრა ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტოლოგიურ და სხვა მეცნიერებაში. ფიზიკურ და ადამიან-კაპიტალთან ერთად, სოციალური კაპიტალი არსებით ზეგავლენას ახდენს ტრანს-ეროვნული კორპორაციების ეფექტიანობის ზრდაზე, ხელს უწყობს მათ განვითარებას. სოციალური კაპიტალი არ წარმოადგენს ცალკეული ადამიანის საკუთრებას, ის ყალიბდება სოციალურ ქსელებში და განსხვავდება კაპიტალის სხვა ფორმებისაგან იმით, რომ აისახება არა ობიექტებსა და სუბიექტებში, არამედ ადამიანურ ურთიერთობებში, რომლებიც ქმნიან სოციალურ ქსელს. ზოგადად, სოციალური კაპიტალის კონცეფცია არაჰომოგენური და წინააღმდეგობრივია. მიუხედავად ამისა, ის მაინც ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებაში. სოციალური კაპიტალის კონცეფცია დაფუძნებულია ნდობის ფენომენზე. ნდობის კატეგორიის ეთიკურ-ფილოსოფიური ანალიზის საფუძველზე დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საზოგადოების განვითარება მის გარეშე, მხოლოდ ეკონ მიკური მექანიზმებით. ჩვენს გამოკვლევაში სოციალური კაპიტალისა და ნდობის კატეგორიების თეორიულ-მეთოდოლოგიური, რეგრესიული ანალიზის საფუძველზე დადგენილია ამ ორ კატეგორიას შორის არსებული ემპირიული კავშირი. შემოთავაზებული მეთოდოლოგიის გამოყენება თანამედროვე კორპორაციების მმართველობითი საქმიანობის სრულყოფაში მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყოფს მათ ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდას.

საკვანძო სიტყვები: სოციალური კაპიტალი, მოტივაცია, კავშირი, გაზომვის მეთოდოლოგია. კორპორაციები. ეფექტიანობა.

მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ პიროვნებათაშორისი და ორგანიზაციული ნდობის დონე დადებითად მოქმედებს ფირმის თანამშრომლების მოტივაციაზე. სოციალური სისტემით დაგროვილი ნდობის მოცულობა წარმოადგენს მის ძირითად კაპიტალს. ნდობა, როგორც კორპორაციული კულტურის შემადგენელი ნაწილი, თანამედროვე კონკურენტულ ეკონომიკაში გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ პერსონალის მართვა. იმ კომპანიებში, სადაც ნდობის ხარისხი დაბალია, ეცემა ეფექტიანობა, სუსტდება კონკურენტუნარიანობა. ამის მიზეზები კი პროფესიული საქმიანობის დაბალ მოტივაციაში უნდა ვეძებოთ. ცხადია ისიც, რომ ნდობა არ იძლევა მაღალი პროფესიული მოტივაციის გარანტიას, მაგრამ ის წარმოადგენს მისი ფორმირების აუცილებელ პირობას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ნდობა არა მარტო პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, არამედ კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობის საფუძველად მიიჩნევა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნდობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს პერსონალის პროფესიულ მოტივაციაზე.

სოციალურ კაპიტალსა და ნდობას შორის კავშირის პრობლემისადმი მიძღვნილ კვლევებში არასრულყოფილად არის ასახული ამ ორ ფაქტორს შორის კავშირი და ზეგავლენა კომპანიების თანამშრომელთა მოტივაციიის ამაღლებაზე. ჩვენი კვლევა ორიენტირებულია იმაზე, რომ ხელი შეუწყოს ამ პრობლემის უფრო ღრმად გაგებას.

პრობლემის ლიტერატურული მიმოხილვა

სოციალური კაპიტალისა და ნდობის კონცეფციის კვლევის მეცნიერული საფუძვლები ჩამოყალიბებულია ე. დიურკჰეიმისა და მ. ვებერის ნაშრომებში. მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ნდობა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ თვისებას, რომელიც ახასიათებს მხოლოდ პიროვნებას და ის ვრცელდება, მთლიანად სოციალურ ჯგუფსა ან საზოგადოებაზე [1].

გასული საუკუნის დასაწყისში ტერმინი „სოციალური კაპიტალი“ პირველად გამოიყენა ცნობილმა მეცნიერმა ლ. ჰანიფანმა დისკუსიაში – „ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სუბსტანციები“. ასეთ „სუბსტანციებად“ ლ.ჰანიფანი მიიჩნევდა ჯგუფის სოლიდარობასა და სოციალურ კავშირებს [2]. ეს ტერმინი აქტიურად გამოიყენება დ. ჯეკობსის ნაშრომებში. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ერთმანეთს დაუკავშირა სოციალური კაპიტალი სოციალურ ქსელებს, და ამით ახსნა სოციალური კაპიტალის ბუნება.

1976 წელს თავის ნაშრომში გ. ლოურიმ გამოიკვლია სოცილაურ კაპიტალსა და შემოსავლებს შორის არსებული კავშირი. ის მიუთითებდა, რომ სოციალური კაპიტალი „არის ადამიანებს შორის ბუნებრივად წარმოშობილი სოციალური კავშირები, რაც ხელს უწყობს საბაზრო პირობებში ინდივიდებისთვის ღირებული ცოდნისა და მახასიათებლების ჩამოყალიბებას“ [3].

სოციალური კაპიტალის სისტემატიზებული ანალიზი გვხვდება ფრანგი სოციოლოგის პ. ბურდიეს ნაშრომებში. ის სოციალურ კაპიტალს განმარტავს, როგორც „პოტენციური რესურსების ერთობლიობას, რომლებიც დაკავშირებულები არიან ურთიერთნაცნობობისა და აღიარების ინსტიტუციალიზებული ძლიერი ქსელებით“ [4]. მეცნიერის ამ განმარტებიდან ჩანს, რომ სოციალური კაპიტალი – ეს სოციალურ ქსელებში არსებული რესურსებია.

ცნება  „სოციალური კაპიტალი“ საკმაოდ ფართოდ არის განმარტებული ჯ. კოულმანის მიერ. ჯ. კოულმანი არის რაციონალური ქმედების თეორიის ავტორი. მეცნიერის აზრით, სოციალური კაპიტალი – ეს ურთიერთნდობისა და ურთიერთდახმარების პოტენციალია, რომელიც მიზანმიმართულად ყალიბდება პიროვნებათაშორის ურთიერთობებში [5]. აანალიზებს რა სოციალურ კაპიტალის როლს და მისი ურთიერთკავშირის დადგენას ადამიან-კაპიტალთან, ის მიდის დასკვნამდე, რომ სოციალური კაპიტალი არის რესურსი, რომელიც მიღწევადია ცალკეული აქტიორებისთვის და წარმოადგენს იმ ელემენტების ერთობლიობას, რომლებიც განსაზღვრავს მათ ქმედებას სტრუქტურის შიგნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალური კაპიტალის არსებობა მეტ სარგებელს ღებულობს კორპორაციული ურთიეთობებისგან, ვიდრე ინდივიდუალური მოქმედებისგან. ჯ.კოულმანის მიხედვით, სოციალური კაპიტალი წარმოიშობა პიროვნებათშორისო ურთიერთობებში.

რ. პატნემის მიერ ჩატარებულ კვლევებში სოციალური კაპიტალის ანალიზისას აქცენტი გადატანილია მისი ეკონომიკური, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ბუნების ფუნქციაზე. მან გამოიყენა სოციალური კაპიტალის გაგება წარმომადგენლობითი ხელისუფლების ძლიერი და ეფექტიანი ინსტიტუტების ფორმირების მიზეზების დადგენის პროცესში. რ. პატნემს მიაჩნდა, რომ სოციალური კაპიტალი არის „სოციალური ორგანიზაცია, რომელიც გამოხატულია ქსელებში, ნორმებში, ნდობაში, რომელიც ხელს უწყობს ერთობლივი სარგებლის მიღების მიზნით, კოორდინაციას და კოოპერაციას“ [6]. რ. პატნემის მიხედვით არსებობს სოციალური კაპიტალის ორი სახეობა: პირველს მოაქვს სარგებელი ადამიანების მცირე წრისთვის და ზარალი მთლიანად საზოგადოებისთვის, ხოლო მეორე ხასიათდება დადებითი შედეგებით მთლიანად საზოგადოებისთვის.

მოცემულმა მიდგომამ, შემდგომი განვითარება ჰპოვა ფ. ფუკუიამას წიგნში „Trust: The Social Virtues and The Creation of Prosperity“, სადაც ხაზგასმულია სოციალური კაპიტალის როლი საზოგადოების განვითარებაში. ფ. ფუკუიამას მთავარი იდეა ისაა, რომ ნდობის სიჭარბე საზოგადოებაში წარმოშობს სოციალურ კაპიტალს, რომელიც განსხვავდება ადამიან- კაპიტალისგან იმით, რომ იქმნება და გადაიცემა ისეთი კულტურული მექანიზმების საშუალებით, როგორიცაა რელიგია, ტრადიცია ან ისტორიული ჩვევები [7].

სხვა მკვლევარების ნაშრომებმა, დიდად განსაზღვრეს ამ დარგში მეცნიერული დისკუსიების თანამედროვე მდგომარეობა. ასე, მაგალითად, მ. პალდამმა გააერთიანა სოციალური კაპიტალის არსებული ცნებები და განმარტა ის, როგორც ნდობის, კოოპერაციისა და ქსელების ერთობლიობა [8].

ზემოთ წარმოდგენილი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სოციალური კაპიტალისადმი მეცნიერთა მიდგომები არაერთგვაროვანია, რადგან, ერთი მხრივ, სოციალური კაპიტალი ხასიათდება მისი მონაწილეების არაერთგვაროვანი თვისებებით, მეორე მხრივ კი, განსხვავებულია ის გარემო, რომელშიც ხდება მისი ფორმირება და განვითარება.

იმისთვის, რომ დავადგინოთ სოციალური კაპიტალის არსი, დიდი მნიშვნელობა აქვს მის შედარებას ფიზიკურ და ადამიან-კაპიტალთან:

 - სოციალური კაპიტალი, ფიზიკურ და ადამიან-კაპიტალთან ერთად, ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, იმ ამოცანების რეალიზაციას, რომელიც მოითხოვს ადამიან-კაპიტალის კონსოლიდაციას;

- ადამიან-კაპიტალთან ერად წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც ნაწილდება საზოგადოების წევრებზე;

- ადამიან-კაპიტალის მსგავსად გააჩნია ზრდის თვისება;

- წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს, რომლის შემცირება ამცირებს ადამიანების ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

კაპიტალის მატერიალურ ფორმებთან შედარებისა და მათი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კატეგორია „სოციალური კაპიტალი“ ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

1) სოციალური კაპიტალი, ისევე, როგორც კაპიტალის მატერიალური ფორმები, წარმოადგენს რესურსს, რომელიც ყალიბდება სოციალურ ურთიერთობათა სფეროში და გააჩნია კონვერტაციის უნარი;

2) სოციალური კაპიტალი განსხვავდება კაპიტალის მატერიალური ფორმებისგან, რადგან ის ძევს ურთიერთობების სტრუქტურაში;

3) სოციალური კაპიტალი არ წარმოადგენს საკუთრების ობიექტს, ის ყალიბდება სოციალურ ქსელებში [5].

სოციალური კაპიტალის ორმაგი ბუნება წარმოშობს მისი გაზომვისადმი მიდგომების სხვადასხვაობას, რადგანაც ამ პროცესით განისაზღვრება, როგორც ინდივიდების მახასიათებლები ასევე იმ გარემოს თვისებები, სადაც უხდებათ საქმიანობა ინდივიდებს. სოციალური კაპიტალის გასაზომად გამოიყენება ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა: ქსელები, ნორმები და ნდობა. მათგან ყველაზე ფართოდ განიხილება ნდობის ფაქტორი.

სოციალური კაპიტალის კონცეფცია დაფუძნებულია ნდობის ფაქტორზე [3]. დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია საზოგადოების განვითარება ნდობის გარეშე მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმებით. ნდობის კატეგორიის ეთიკურ-ფილოსოფიური ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ მოცემული ფენომენის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეები:

- ნდობა განიხილება, როგორც ადამიანებს შორის ზნეობრივ ურთიერთობათა სისტემა;

- ნდობის აქტი ხასიათდება, როგორც სუბიექტის ნებაყოფლობითი გამოვლენა;

- ნდობა რეალიზდება ინტიმური აზრებისა და გრძნობების გადაცემის გზით. ნდობის გაზომვის მეთოდები იყოფა ორ ნაწილად: პირველ შემთხვევაში შეისწავლება ადამიანების მოსაზრებები ნდობასთან მიმართებით, ხოლო მეორეში – შესაძლებელი ხდება შევისწავლოთ ნდობა იმ სიტუაციაში ადამიანებზე დაკვირვებით, რომელიც წარმოშობს ნდობის ფაქტორს. პირველ შემთხვევაში ვიყენებთ ინდივიდების გამოკითხვის მეთოდოლოგიას, მეორეში კი ექსპერიმენტს (თამაშებს).

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კომპანია „ვენდისში“ დასაქმებულმა 51ადამიანმა. კვლევის პროცესში შერჩეულ იყო 20-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანები უმაღლესი განათლებით, მათგან 25 ქალი და 25 მამაკაცი, რითაც დაცულ იქნა გენდერული ბალანსი.

კვლევის პროცესში გამოყენებულ იქნა რ. შოს მიერ დადგენილი ორგანიზაციის სოციალური კაპიტალის შეფასების მეთოდიკა [9], რომელიც მოიცავდა რამდენიმე ეტაპს:

1. პირველ ეტაპზე კითხვები მოიცავდა 10 პოლარულ მტკიცებულებას, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზაციაში ნდობის ფაქტორთან. პასუხები ფასდებოდა 1-დან 5 ქულამდე.

2. მეორე ეტაპი მოიცავდა იმ კითხვებს, რომლებიც ეხებოდა ადამიანების შრომითი საქმიანობის მოტივაციას. შრომის მოტივების შეფასების მეთოდიკა შემუშავებულია პრინსტონის უნივერსიტეტის ფუნდამენტური კვლევების ცენტრის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ლაბორატორიაში [10]. ამ მეთოდიკით რესპონდენტისგან მოითხოვდნენ განესაზღვრა პრიორიტეტები, აერჩია თითოეული მოტივის მნიშვნელობა. შეფასების პროცესში გამოიყენებოდა 1-დან 10 ქულამდე. მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ფასდებოდა 1 ქულით, უმნიშვნელო – 10-ით.

3. შემდეგი კითხვები ორიენტირებული იყო სტიმულების გამოვლენაზე, რომლებიც ახდენს თანამშრომელთა პროფესიული საქმიანობის საუკეთესო შესრულების მოტივირებას. ანკეტაში შემოთავაზებულია 5 სტიმული: მაღალი ხელფასი, პრემიების მიღების შესაძლებლობა, მონაწილეობა ორგანიზაციის მოგებაში, კომპანიის ერთ-ერთ მესაკუთრედ გახდომის პერსპექტივა, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრის შესაძლებლობები. პასუხები ვარიირებენ 1 ქულიდან – „არ ახდენენ სტიმულირებას,“ 5 ქულამდე – „ახდენენ ძლიერ სტიმულირებას;

კითხვების შემდეგი ჯგუფი დაკავშირებულია პერსონალის ინდივიდუალურ მონაცემებთან. აქ განისაზღვრა: რესპონდენტის ასაკი, სქესი, ეროვნული კუთვნილება, დაკავებული თანამდებობა, რელიგიისადმი მიკუთვნება, განათლება და ა.შ.

პირველადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოყენებულ იქნა სტანდარტული პაკეტი SPSS 9.0 for Windows. განხორციელდა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა ნდობის სკალით და ჩატარდა ანალიზი პარციალური კორელაციების მეთოდით. კორელაციური ანალიზის მეთოდი გამოყენებულ იქნა იმისათვის, რომ დაგვედგინა ნდობასა და მოტივაციას შორის კავშირი. ანალიზის პროცესში დად- გენილ იქნა ორგანიზაციაში სოციალური კაპიტალის შეფასების სკალის მიხედვით საშუალო მნიშვნელობა და დისპერსია (ცხრილი 1).

ორგანიზაციაში სოციალური კაპიტალის შეფასების სკალის მიხედვით საშუალო მნიშვნელობა და დისპერსია

ცხრილი 1

ჩვენ მიერ მიღებული პირველადი შედეგებით შეუძლებელია გამომავლინოთ მთლიანად ორგანიზაციაში ნდობის არსებობა ან არარსებობა. ამიტომ კვლევის გაღრმავების მიზნით დადგენილ იქნა საშუალო მნიშვნელობა და დისპერსია შრომის მოტივების შეფსების სკალით (ცხრილი).

საშუალო მნიშვნელობა და დისპერსია შრომის მოტივების შეფასების სკალის მიხედვით

ცხრილი 2

 მას შემდეგ, რაც ჩატარებულ იქნა კომპანიაში ნდობის სიტუაციის ანალიზი და მივიღეთ თითოეული რესპონდენტის მიხედვით საშუალო მნიშვნელობები, კორელაციური ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ ფაქტორებს შორის კავშირი. დაზუსტდა ორგანიზაციული ნდობის შეფასების მეთოდიკა შეთანხმებულობის - α-კრონბახის კოეფიციენტით.

ნდობის შეფასების სკალის შემოწმება α-კრონბახის კოეფიციენტით

ცხრილი 4

 ანალიზის შედეგები

როგორც 1 ცხრილიდან ჩანს, სოციალური კაპიტალის შეფასების სკალით საშუალო მნიშვნელობა 0,05-ზე მაღალია, თითოეულ რესპონდენტზე ნდობის საშუალო მაჩვენებელსა და მოტივაციას შორის მნიშვნელოვანი კავშირი არ აღინიშნება. მაგრამ თუ შევაფასებთ მოტივაციის კორელაციის ცხრილს ნდობის ცალკეული ასპექტებით, მაშინ შეიძლება დავადგინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კორელაცია. კერძოდ, კომპანია „ვენდისში“ არსებობს დადებითი კორელაცია მოქმედების თავისუფლებსა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას შორის; შრომის ანაზღაურება დაკავშირებულია ისეთ სტიმულთან, როგორიცაა მონაწილეობა კომპანიის მოგებაში; არსებობს მჭიდრო კავშირი ძალაუფლებასა და კარიერას შორის; აზრების გამოხატვის სკალა დადებითადაა დაკავშირებული სამუშაოსაგან მიღებულ კმაყოფილებასთან, თვითრეალიზაციის შესაძლებლობასთან, ორგანიზაციის მოგებაში მონაწილეობასთან, მოგების მიღების შესაძლებლობასთან; კონკურენციაზე ორიენტაცია დადებითადაა დაკავშირებული ორგანიზაციის მოგებაში მონაწილეობასა და კომპანიის ერთ-ერთ მესაკუთრედ გახდომის პერსპექტივასთან, ხოლო უარყოფითად - მუშაობისაგან მიღებულ კმაყოფილებასთან; შრომის ანაზღაურება დაკავშირებულია ისეთ სტიმულთან, როგორიცაა მონაწილეობა კომპანიის მოგებაში.

ნდობის შეფასების სკალით პოლარული მტკიცებულებების, მოტივებისა და სამოტივაციო სტიმულების პარციალური კორელაციები, სქესისა და ასაკის მიხედვით

ცხრილი 5

ამრიგად, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კვლევის ძირითადი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც პიროვნებათაშორისი და ორგანიზაციული ნდობის დონე დადებითად მოქმედებს ფირმის თანამშრომლების მოტივაციაზე, დადასტურდა.

დასკვნა

კვლევის შედეგად დადგინდა სოციალურ კაპიტალსა და მოტივაციას შორის დადებითი კორელაციის არსებობა. გამოვლენილ იქნა ის ურთიერთკავშირები, რომლიც არსებობს სოციალურ კაპიტალს, ნდობასა და მოტივაციას შორის. ამ კომპონენტების ურთიერთკავშირის დადგენა პრაქტიკული ღირებულების მატარებელია, რადგანაც თანამშრომლის მოტივაციის ფორმირებისთვის ნდობის პარამეტრების შესწავლა და ანალიზი, კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამრიგად, იმისათვის, რომ გავზარდოთ შრომითი საქმიანობისადმი მუშაკის მოტივაცია, საჭიროა ნდობის იმ პარამეტრებზე ზემოქმედება, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის წარმატებას, რის შესაძლებლობასაც იძლევა ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდიკა.

ლიტერატურა:

  1. Demkin O. (2004) Social Capital: Theoretical Research Foundation and Operational Parameters. Sociology: Theory, Methods, Marketing. N 4.
  2. Hanifan L. (1916), The Rural School Community Centre, Annals of the American Academy of Political and Social Sciencis, Vol. 67.
  3. Louri G. (1976), Dinamic Theory of Recial Income Differences. Discussion Papers, vol. 225.
  4. Burdeu P.( 1986) The Forms of Capital. Handbook Of Theory and Reserch and Sociologi for The Sociologi of Education, Greenvood Press, New York, NY, pp.311- 354.
  5. Coleman J. (2001), Capital social and human / Social Sciences and Contemporaneity.№ 3.
  6. Putmen R. (1995), Bowling Alone: America`s Declining Social Capital, Journal of Democracy, vol. 6.
  7. Fukuyama F. (2006), Trast: The Socil Virtues and The Creation of Prosperity. Princeton University Press.
  8. Paldam M. .(2000), Social Capital: One or Mani ? Definition and Measurement. Journal of Economic Surveus, Vol. 14 (ISSue 5), p.780.
  9. Shaw P. (2014), Keys to Confidence in the Organization. M. “Delo" Publishers. P. 98.
  10. Minkute-Henriksen P., Imanavichene Zh. (2006) Social Capital of the Organization: Methodology of Research. Socis № 3.